დრომ აჩვენა, რომ მხოლოდ კომპრომატებით ქვეყანა წინ ვერ წავა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ხდებოდა გამომზეურება რაღაც დოკუმენტების და საბუთების. მერაბიშვილის შეფასებით, კომპრომატებით ზიანდება და პრობლემები ექმნება ქვეყანას.
"მე ვურჩევ დღევანდელ ხელისუფლებას, ისწავლოს და ამის შემდეგ მთელი თავისი ძალების კონცენტრაცია მოახდინოს ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე. რაც მოვიდნენ, მხოლოდ ნგრევით, კომპრომატებით და დაშინებით მუშაობენ. ხელისუფლებას მოვუწოდებ, ჩვენს შეცდომებზე თუ არა, საკუთარ შეცდომებზე მაინც ისწავლოს. ალბათ, დღევანდელი დღე იქნება გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, რომ ეს გზა მათ შორს ვერ წაიყვანს", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ხელისუფლება ყველა რესურსს დაპირებების შესრულებისკენ მიმართავს. "მხოლოდ ოპონენტების განადგურებით არ იქნება წინსვლა", - დასძინა მერაბიშვილმა.