"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ირწმუნება, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს აქცია არ დაუტოვებია , - ამის შესახებ მერაბიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
"ალბათ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი პიარ აგიტატორები დასხდნენ და დღევანდელი მრავალრიცხოვანი მიტინგის გასაქარწყლებლად რაღაც სასაცილო მოიფიქრეს, ვითომ მე დავტოვე აქცია. ეს, რა თქმა უნდა, ტყულია. მე ვიყავი ბოლომდე მიტინგზე. არ დავტოვებდი იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი მეგობარი და დავრჩებით მეგობრებად",-აღნიშნა გუშინ მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა მცდელობა, "ნაციონალური მოძრაობის" გახლეჩვის, არის უსუსური მცდელობა. მერაბიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია არ არის მილიარდერი ლიდერის ირგვლივ გაერთიანებული, რომელმაც "იქნება რაღაც გადმოუგდოს" ვინმეს.
"ჩვენ ვართ ერთად ერთი იდეის გარშემო და ერთ-ერთმა დღეს მრავალი ათასი ადამიანი მოიყვანა აქციაზე",-აღნიშნა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ თუ "ქართული ოცნების" ოცნებაა "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს, მაშინ ის მათ მხოლოდ უთანაგრძნობს.
თუმცა, აქციაზე მყოფმა ჟურნალისტებმა დაინახეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტის წინ გამართული აქცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს დატოვა. ვანო მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისთვის ბოლომდე არ მოუსმენია. აქციიდან წასვლამდე მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციით კმაყოფილია.