დათა ახალაიას განცხადება გამოძიებისთვის ძალიან საინტერესოა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა .
მისივე განმარტებით, შსს მიესალმება, თუ დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და სხვა პირები გამოძიებასთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ.
"დათა ახალაია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი პირი, ის წლების განმავლობაში იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობას. შიდა ინფორმაციაც მაქვს, რომ ძალიან ბევრ დავალებას აძლევდა მას ვანო მერაბიშვილი და ის ასრულებდა, შესაბამისად, მისი განცხადება გამოძიებისთვის ძალიან საინტერესოა და თუ დათა ახალაია, თოფურიძე და სხვა პირები დაინტერესებულები არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ ობიექტური ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩვენ ამას მივესალმებით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ყოფილი მაღალჩინოსნების – იგივე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემთხვევაში დათა ახალაიას ბრალი შეუმსუბუქდეს, შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნულის კომენტირებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ "ამას პროკურატურა გადაწყვეტს", მას კი დამატებითი განცხადების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩევნია. ამასთან, ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული პირების ზუსტი ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია.