მერაბიშვილ-ბოკერიას მიერ ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება არაადეკვატური ამბიციაა, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ განცხადებას. როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამბიცია დიდია, თუმცა ლიდერები "მთლად საინტერესო არ არის". "ნაციონალური მოძრაობა არ დაწყებულა 80-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც აღორძინდა უბრალოდ და მათ სათავეში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, სხვა ლიდერები ედგნენ, რომლებიც საქართველოს ფაქტიურად თავიანთი სიცოცხლით გადაეფარნენ", - აღნიშნა ძიძიგურმა.
უმრავლესობის წევრს ასევე აინტერესებს, "ნაციონალებს" ხელისუფლების ძალადობით შეცვლის გეგმა აქვთ თუ რის საფუძველზე ამბობენ, რომ ოთხი წელი ვერ აცდიან ხელისუფლებას.
"ძალიან საინტერესოა რა გეგმები აქვთ და როგორ არ უნდა აცადონ ხელისუფლებას?! რამე გადატრიალების გეგმა აქვთ?! ეს გამოჩნდება მომავალში, როცა ახსნიან, თუ რას გულისხმობენ ამაში. 4 წელიც აცდიან ხელისუფლებას და საქართველოს კონსტიტუციაშიც როგორც წერია, ისე განვითარდება მომავალში მოვლენები", - განაცხადა ძიძიგურმა.