პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტის სოსო გალუმაშვილის განცხადებით, დაპირისპირება არა მხოლოდ ახალაიებსა და "ნაციონალური მოძრაობის" დანარჩენ წევრებს, არამედ პარტიის ე.წ. ახალგაზრდულ ფრთასა და გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს შორისაა.
ამის შესახებ გალუმაშვილმა "პირWელს" "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი აქციის შეფასებისას განუცხადა.
კითხვაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ვანო მერაბიშვილის მიერ სცენის პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებამდე დატოვება მათ შორის უთანხოებას ხომ არ მოწმობს, გალუმაშვილი აცხადებს, რომ აქედან დასკვნების გაკეთება რთულია.
"თვითონ ეს ფაქტი შეიძლება, არც იყოს მრავალმნიშვნელოვანი და გარკვეული დასკვნების გაკეთება არც ღირდეს. ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება არსებობს, არახალია. უთანხმოება არსებობს არა მხოლოდ ახალაიებსა და დანარჩენ "ნაციონალებს" შორის, არამედ ე.წ. ახალგაზრდულ ფრთას და პარტიის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს შორის, რადგან პარტიის განახლების, რეგენერაციის პრობლემა სწორედ ვანო მერაბიშვილშია. ის პირები, რომლებიც სათავეში ედგნენ გარკვეულ ინსტიტუციებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ორგანიზატორობით, ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ პარტიულ მართვაში არის პრობლემები, ბუნებრივია, ფიქრობენ, რომ მოხდეს გენერალური მდივნის ჩანაცვლება. ჯერჯერობით, გენერალური მდივნის პოსტი მერაბიშვილისთვის არის დაცვის მექანიზმი, რომ არ მოხდეს მისი დაკითხვა, დაკავება ან რაიმე სამართლებრივი მოქმედებები", - განაცხადა გალუმაშვილმა და დასძინა, რომ ახალგაზრდულ ფრთაში დეპუტატებს ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, დავით საყვარელიძეს და სხვებს გულისხმობს.
რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის აქციაზე მისვლას, მაშინ, როდესაც ეს თავდაპირველად არ იგეგმებოდა, გალუმაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის აქციაზე მისვლა მარტივი გასათვლელი იყო.
"ის, პრეზიდენტის აქციაზე მისვლა არ იგეგმებოდა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა თქვა და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი დღეს აქციის წამყვანი იყო. ეს "ნაციონალური მოძრაობის" ნაცადი ხერხია: თუ აქციაზე ხალხი არ მივიდოდა, იტყოდნენ, რომ ეს იმის ბრალი იყო, რომ პრეზიდენტის მისვლა არ იგეგმებოდა; თუ ორჯერ მეტი ადამიანი მივიდოდა, შესაძლებელი იყო, სააკაშვილი აქციაზე მართლაც არ მისულიყო", - აღნიშნა გალუმაშვილმა.