ე.წ. სხვა ობიექტური გარემოების საფუძველზე პირის სამსახურიდან გათავისუფლების ნორმა ზუსტდება. "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტში "სხვა ობიექტური გარემოება" შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორისაა დასახელებული, რაც პარლამენტში კრიტიკის საგანი უკვე გახდა. მათ შორის აღნიშნული ჩანაწერი მიუღებელია ჯანდაცვის კომიტეტისა და მისი ხელმძღვნელისთვის.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განმარტა, ახალი ფორმულირებით, "სხვა ობიექტური გარემოება" კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ ეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს.
შრომით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტით მთლიანად ახლებურად ყალიბდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეს საფუძვლები შეიძლება იყოს: - ეკონომიკური გარემოებები; ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც წარმოებისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირებას განაპირობებს; შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს დატოვება საკუთარი ნებით წერილობითი განცხადების საფუძველზე; მხარეთა წერილობითი შეთანხმება; დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა; დასაქმებულის მიერ მასზე შრომითი ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; დასაქმებულის მიერ მასზე ინდივიდუალური ან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ უკვე გამოყენებულია ინდივიდუალური ან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; ხანგრძლივი შრომისუუნარობა - თუკი შრომისუუნარობის ვადა ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს აღემატება, ან ექვსი თვის განმავლობაში 60 კალენდარულ დღეს აჭარბებს; სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს; აღნიშნული კანონის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ; დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება; დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება.
თავდაპირველი პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული ჩამონათვალი "სხვა ობიექტური გარემოებით" სრულდება.