ევროპამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ერთადერთი პრობლემა არის სააკაშვილი და ალბათ ოქტომბრის ბოლოს ეს პრობლემაც დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, იქ, სადაც ორი წლის წინ მერაბიშვილმა და სააკაშვილმა ადამიანები დახოცეს, დღეს ლაპარაკობენ ეროვნულ ინტერესებსა და ევროპულ არჩევანზე, რაც სასაცილოა. კობახიძეს აინტერესებს, მშვიდობიანი დემონსტრატების დახოცვა და შემდეგ გვამების მაღაზიის თავზე შემოდება იყო თუ არა მათთვის ევროპული არჩევანი.
"დღეს ცოტა სასაცილოა, როცა რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ზუსტად მერაბიშვილმა და სააკაშვილმა წლების წინ ადამინები დახოცეს და 26 მაისს ის მძიმე შედეგები დააყენეს, საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე. ეს იყო ევროპული არჩევანი, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაეხოცათ იქ და მერე გვამები, მაპატიონ იმ ადამიანების სულმაც და მისმა ოჯახებმაც, რომ შემოდეს მაღაზიის თავზე?! ეს არის როგორც ჩანს მათთვის ევროპული სტრატეგია, ევროპული არჩევანი. ამ მოძრაობას, რომელიც თავის თავს "ნაციონალურ მოძრაობას" არქმევს, ახლა შეიძლება ეროვნულ მოძრაობად შეინიღბოს, ქართველმა ხალხმა საკმაოდ სერიოზული პასუხი გასცა არჩევნებში. შეუძლიათ ნახონ რეიტინგები. ზუსტად არ ვიცი, 7 %-ზე თუ 5%-ზე დაბლა არიან, შეიძლება ამაზე ნაკლებზეც", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში დღეს მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრება და არა აღდგენა, რადგან რაც არ ყოფილა ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში, იმას ვერც აღადგენდნენ.