პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა.
ამის შესახებ გალუმაშვილმა "პირWელს" რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქციის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ყოფილმა მმართველმა პარტიამ იმ რაოდენობის მომხრეების მობილიზება ვერ მოახერხა, რამდენიც რეალურად ჰყავს.
"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო კომიტეტმა ვერ შეძლო რეალური მომხრეების მობილიზება და დღევანდელ აქციაზე გაცილებით ნაკლები მხარდამჭერი მიიყვანა, ვიდრე სინამდვილეში ჰყავს. ეს ის პრობლემაა, რაც პარტიაში თუნდაც, ორგანიზაციული კუთხით არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, იმიტომ, რომ რასაკვირველია, "ნაციონალურ მოძრაობას" გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი", - განაცხადა გალუმაშვილმა და დასძინა, რომ მისი ვარაუდით, აქციაზე დაახლოებით, 5-8 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი არასწორად დაგეგმილი სარეკლამო კამპანია და აქციის არაზუსტი მესიჯები იყო.
"ამ ყველაფრის მიზეზს მე ვხედავ იმაში, რომ სწორი შეტყობინებები არ იყო გაგზავნილი მოსახლეობისადმი, თუ რისთვის ხდებოდა შეკრება. თუ ეს იყო გაკეთებული გარკვეული დასავლური ძალების დასანახად, მაშინ ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო; თუ კეთდებოდა "ნაციონალების" მომხრეების და ხელისუფლების მოწინააღმდეგეების შესაკრებად, მაშინ ის მესიჯები, რომელიც ვრცელდებოდა, არასწორი იყო. სარეკლამო კამპანია არამკაფიო იყო, შეტყობინებები კი არაზუსტი", - განაცხადა გალუმაშვილმა.