არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის განცხადებით, "რეჟიმის ნარჩენებმა რაც უნდა "ახალი ეროვნული მოძრაობის" დასაწყისი დააანონსონ, მათი ადგილი მაინც ისტორიის სანაგვეზეა".
ამის შესახებ ნანა კაკაბაძის მიერ პოლიტპატიმრების სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.
"სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებმა 19 აპრილს ქართულ საზოგადოებას რეანიმაციის სურვილისა და მიზნების შესახებ ამცნეს. მათ "ახალი ეროვნული მოძრაობის" დაარსების შესახებაც ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს და ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების დამცველების მანტიის მოსხმაც სცადეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ მარგინალურ ჯგუფს საკუთარი აზრის გამოხატვისა და პროპაგანდის უფლება აქვს. ამის გამო ჩვენ მივესალმებით თუნდაც ანტიდემოკრატიული რეჟიმის ნარჩენებისათვის საკუთარი იდეების თავისუფლად ქადაგების შესაძლებლობის მიცემას, თუმცა ამავე დემოკრატიულ საზოგადოებაში უმრავლესობასაც აქვს უფლება, რომ მარგინალური ჯგუფების დემაგოგიურ განცხადებებზე ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებობა. ვსარგებლობთ რა ამ უფლებით, 2013 წლის 19 აპრილს სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერთა მიტინგზე გამოთქმულ ლამაზ ლოზუნგებთან და მგზნებარე გამოსვლებთან დაკავშირებით შემდეგს ვაცხადებთ - სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტად სწორედ ევროპული ღირებულებები იქნა ფეხქვეშ გათელილი. სწორედ ამ რეჟიმმა გააუფასურა ადამიანთა შორის ყველაზე დიდი ღირებულება - სიცოცხლე და ღირსება", - აცხადებს კაკაბაძე.
"სწორედ სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა ნორმად პატიმართა წამება - ევროპული ღირებულებებისათვის ყველაზე შეუთავსებელი ცხოვრების წესი. სწორედ სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ერთპარტიული პარლამენტი ბუტაფორიად იქცა - ევროპული ღირებულებებისათვის ყველაზე შეუთავსებელი ცხოვრების წესი. სწორედ სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში დასამარდა მართლმსაჯულება - ევროპული ღირებულებებისათვის ყველაზე შეუთავსებელი ცხოვრების წესი. სწორედ სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა ცხოვრების წესად კერძო საკუთრების უფლების შელახვა, ქონების წართმევა და ბიზნესის დატერორება ჩინოვნიკების მიერ, რაც ევროპული ღირებულებებისათვის ყველაზე შეუთავსებელი ქმედებებია. სწორედ სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მოხდა მედია-საშუალებების ნაციონალიზაცია ხელისუფლების მიერ, რაც ევროპული ღირებულებებისათვის ყველაზე შეუთავსებელია. სწორედ სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ხდებოდა მმართველის ბელადად ქცევა და გასაიდუმლოებული ბიუჯეტის მუხლებიდან საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა საკუთარი ოჯახის წევრების დაფინანსებისა თუ ახალგაზრდა მანდილოსნებისათვის საჩუქრების მირთმევის მიზნით - ეს ევროპული ღირებულებებისათვის ყველაზე შეუთავსებელი ცხოვრების წესი. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო 2013 წლის 19 აპრილს სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერთა მიტინგის მონაწილეთა ევროპეიზაციის განცხადებები ფარისევლობა და წმინდა წყლის დემაგოგიაა, რომლის ნამდვილი ფასი ქართველმა ხალხმა კარგად გაიგო და რეჟიმს მსჯავრიც გამოუტანა, რისი დასტურიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები იყო. რაც უნდა "ისტორიული" უწოდონ რეჟიმის ნარჩენებმა თავიანთ მარგინალურ შეკრებას, რაც უნდა "ახალი ეროვნული მოძრაობის” დასაწყისი დააანონსონ, რაც უნდა ლამაზი და მგზნებარე სიტყვებით გააბრუონ გულუბრყვილო მოქალაქეები, მათი ბედი გადაწყვეტილია, მათი ადგილი ისტორიის სანაგვეზეა ბოლშევიკებისა და ფაშისტების გვერდით", - აცხადებს კაკაბაძე.
მისივე თქმით, "იმაში, რომ ბოლშევიკებისა და ფაშისტებისაგან განსხვავებით, დღეს სააკაშვილის რეჟიმის სისხლის სამართლის დამნაშავე ლიდერები კიდევ ხალხის დაბოლებას ბედავენ და ცდილობენ, საზოგადოების გაბრიყვებას, შეურცხყოფის მიყენებას და საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვას, ჩვენ ამაში ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამნაშავე შემოქმედთა მიმართ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უნიათო ქმედებებს ვადანაშაულებთ".
"მოვითხოვთ, დროულად დასრულდეს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და სააკაშვილის რეჟიმის სისხლის სამართლის დამნაშავე ლიდერები ჩადენილი დანაშაულის ადეკვატურად დაისაჯონ. სამართლიანობა უნდა აღდგეს. რეჟიმი უნდა გასამართლდეს", - აცხადებს კაკაბაძე.