ჟურნალ "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ დათა ახალაია მანიაკია. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუმცა არ აკონკრეტებს რატომ უწოდებს მანიაკს.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა დათა ახალაიას მანიაკად, ჩერგოლეიშვილი პასუხობს: "ასე მივიჩნევ, თუმცა რატომ, ამას ჩემთვის დავიტოვებ". მანვე ჟურნალისტს სთხოვა აღარ შეეწუხებინა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.
"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.