პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებულებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გიორგი მარგველაშვილი. კომისიის წევრები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია; გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; მანანა ბერიკაშვილი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; ნიკოლოზ ყანდიაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი; ირაკლი მელაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრია გვაზავას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მანანა კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ზვიად ძიძიგურს.
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა ეთხოვოთ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებს.
კომისიას დაევალა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის –26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება და მასთან დაკავშირებით წინადადებების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენა.