თუ ჩვენ ავირჩევთ უღირსობას, მივიღებთ ქვეყნის სრულ ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ამასთან, სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის გააქტიურების სურვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც გააკრიტიკა და ბურჯანაძეს "კრემლის მეგობარი", საქართველოს მთავრობას კი "ნახევრად მეგობარი" უწოდა.
"მოვისმინეთ გაცხადებები, რომ ახალ მთავრობას სურს ოპოზიცია იყოს ნინო ბურჯანაძე _ ვინც პუტინის მეგობარია, რადგან ხალხმა არჩევანი გააკეთოს მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის, აირჩიოს ან კრემლის მეგობარი ბურჯანაძე, ან კრემლის ნახევრად მეგობარი მთავრობა. მინდა ყველას ვუთხრა, ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს არა მოღალატეებსა და ნახევრად მოღალატეებს შორის, არამედ პატრიოტებსა და კიდევ უფრო პატრიოტებს შორის. თუ ჩვენ ავირჩევთ უღირსობას, მივიღებთ სრულ ოკუპაციას, თუ დავდგებით ღირსებაზე, გავათავისუფლებთ მთლიანად ქვეყანას", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ბევრი პატარა სოფლისგან შემდგარი ქვეყანაა, მაგრამ პატარა სოფელი არაა.
"საქართველოს იდეა დიდი იდეაა. საქართველო შედგება ბევრი ამაყი და ღირსეული სოფლისგან, მაგრამ საქართველო არ არის პატარა სოფელი. ისაა ღირსეული ქვეყანა და მინდა ვუთხრა ყველას, საქართველო დიდი ქალაქია, რომელსაც სიამაყით შესცქერის მსოფლიო, ჩვენ მოგვბაძა უკრაინამ, ბალტიის ქვეყნებმა, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებმა. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც შევიდა მსოფლიოს არაკორუმპირებული და წარმატებული ქვეყნების ათეულში, რომელმაც შეძლო დანაშაულის დამარცხება. ვიყავით ქვეყანა, რომელსაც შენატროდნენ და დღესაც შენატრიან და არ ვიქნებით ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელიც გაასამართლებს იმ ხალხს, ვინც ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფება ახლა ქვეყნის დამპყრობლებთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.