უღირსობაა, როდესაც იუშჩენკოს საპნის, შამპუნისა და აბანოს ანგარიშს უგზავნი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, იუშჩენკო საქართველოს მეგობარია.
"ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს იმიტომ ვერ აიღო თბილისი, რომ ჩვენ ერთად დავდექით და მეგობრები დაგვიდგნენ გვერდში. აგუტინი კი არ ჩამოვიდა, ჩამოვიდნენ პრეზიდენტი კაჩინსკი, პრეზიდენტი იუშჩენკო, პრეზიდენტი სარკოზი, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი. დღეს უღირსობაა, როდესაც იუშჩენკოს, რომელმაც მოგვცა საჰაერო დაცვის სისტემები, რომლითაც ჩვენ ჩამოვყარეთ 12 რუსული თვითმფრინავი, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა საპნის, შამპუნის ანგარიში. ისეთი საქართველო გვინდა, სადაც მეგობრებს ასე ხვდებიან?! ჩვენ ონიშჩენკოს ბოდიშებს უნდა ვუხდიდეთ, ევროპას დედას უნდა ვაგინებდეთ და იუშჩენკოს აბანოს ანგარიშს უნდა ვუგზავნიდეთ?! რომ არ გვინდა, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
აქცია ყოფილ პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს. "ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, აქციაში "ნაციონალური მოძრაობის" 10 ათასამდე მხარდამჭერი მონაწილეობს.