საქართველოს დღეს იმედიანი ოპოზიცია და ბრაზიანი მთავრობა ჰყავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკაში იმისთვის არ მოსულა, რომ თანამდებობები დაეკავებინა, სამიტებზე ევლო, პრეზიდენტებისთვის ხელი ჩამოერთმია, ფოტოები გადაეღო ან პრივილეგიები მიეღო.
"მოვედი იმიტომ, რომ თქვენ მომიყვანეთ, თქვენ მიყვარხართ, თქვენთან ერთად გავიმარჯვებ და თქვენთვის მოვკვდები. დღეს დადგა მომენტი, როდესაც პრობლემების გარდა არაფერი არ არის. დღეს აქ ხართ ადამიანები, ვისაც ბოლო 7 თვე დაკითხვებზე დაგათრევდნენ, გაშინებდნენ, კუთხეში გიმწყვდევდნენ, ხელებს გიგრეხდნენ, სამსახურიდან გაგდებდნენ, მაგრამ მაინც მოხვედით. ბევრს არ ესმის, რომ ყველაფერი მილიარდებით არ იყიდება, ყველაფერი ფულზე არ იცვლება, რომ აქ "ჯიპებისთვის", ბიზნესისთვის, ყაზახური ტვირთების და მილიონერობისთვის არ მოვსულვართ. ჩვენ მოვედით ჩვენი ღირსებისა და სამშობლოსთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუკი რამედ ღირდა ბოლო წლების ბრძოლა, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ეთქვა - საქართველო არ იყიდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ მთავრობას ძალიან გაუმართლა, რადგან რუსთაველის გამზირზე გაბრაზებული ხალხი არ შეკრებილა.
"როცა ჩვენ ვიყავით მთავრობაში, გვყავდა ძალიან ბრაზიანი ოპოზიცია. ახლა კი პირიქით, ვართ იმედიანი ოპოზიცია და რატომღაც მივიღეთ ბრაზიანი მთავრობა. შეგვხედეთ ჩვენ, თუ ვართ იმედიანად, თქვენც იყავით იმედიანად. საქართველოში უნდა იყოს იმედიანი მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება. დღევანდელი დღე მთავრობისთვისაც გამოღვიძების დღეა. ის ლოზუნგები, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გაანადგურებენ, დაშლიან, ლოზუნგებად დარჩა. ვიღაცები იყიდეს და სხვადასხვა გზით გადაიბირეს, თუმცა ეს არიან ცალკეული მოღალატეები, ვინც ვირთხებივით გაიქცა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მთავრობას საქართველოს საკეთილდღეო საქმიანობაში მხარდაჭერა შესთავაზა და "კარგი საქმის კეთებისკენ" მოუწოდა.
"დაგიტოვეთ მაგარი შენობები და კომფორტული კაბინეტები, გზები და ინფრასტრუქტურა, პოლიციის სტრუქტურები, მილიარდობით ლარი იმ პროგრამებისთვის, რომელსაც ახორციელებთ. ჩვენი ოპოზიცია ღალატზე ფიქრით ცხოვრობდა და იღვიძებდა იმის ფიქრით, როდის გაქცეულიყო კრემლში და იქ მიეღო აღლუმები. თქვენ კი გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა, ვინც ათენებს და აღამებს სამშობლოს კეთილდღეობაზე ფიქრში და არ მოგცემთ საშუალებას, უღალატოთ ქვეყანას და ის მტერს ჩააბაროთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.