ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისგან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვერ გაბედავს ოცნებას, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას.
"დღევანდელი დღე, 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. აქ მობრძანებით ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა. ამ დღის მერე ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვერ გაბედავს იოცნებოს, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას. დღევანდელი ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი ვეღარ გაიფიქრებს სიზმარში - ხომ არ დავბრუნდეთ უკან. დღეს გავიმარჯვეთ და დღევანდელმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ხალხი ვინც არ დაუშვებს საქართველოს უკან დაბრუნებას. დღევანდელ დღეს დაესვა წერტილი ნებისმიერ საფრთხეს. მე ვარ ბედნიერი კაცი, რადგან 90-იან წლებში, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 200 და 1000 ადამიანი, დღეს კი, როდესაც საფრთხის წინაშე დადგა საქართველოს ორიენტაცია, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. ამიტომ, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისგან", - განაცხადა მერაბიშვილმა.