ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელ ფერებად დაყოფილი საქართველო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
აღნიშნულ კონტექსტში მან მთავრობას მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ არსებობს ერთი და არა ორი საქართველო. "მე ვეუბნები ივანიშვილს - არ არსებობს ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და მას უნდა ემსახუროს ყველა. ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელ ფერებად დაყოფილი საქართველო, საქართველო არ იყოფა ნომრებად და ფერებად. საქართველოს აქვს ერთი მომავალი, რომელსაც უნდა ვემსახუროთ, არ დავყოთ ის "ნაცებად" და "ქოცებად". დღევანდელი დღე არის ამის კარგი გაფრთხილება. საქართველო არის ერთი და ახალი ხელისუფლების მოვალეობაა, ქვეყანა კიდევ უფრო გააერთიანოს და არა გათიშოს", - აღნიშნა უგულავამ.
ამასთან, თბილისის მერმა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც ოპოზიციური ძალის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას უფრო უჭირს, ვიდრე ხელისუფლებას.
"რა დაგვიტოვა ჩვენმა წინამორბედმა ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია?! დაგვიტოვა ოპოზიციის ნულოვანი სტანდარტი, ამიტომ დღეს ოპოზიციას კიდევ უფრო უჭირს, ვიდრე ხელისუფლებას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მათ ოპოზიციაში ვართ და არა ქვეყნის ოპოზიციაში. მათ ვაიძულებთ შეასრულონ ის, რასაც დაგვპირდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ 7 თვე ბევრი არაა, მაგრამ 7 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ვიგრძნოთ ერთი რამ - გავჩერდით და წინ არ მივდივართ", - აღნიშნა უგულავამ.