უმცირესობის წარმომადგენელ სერგო რატიანის შეფასებით, დღეს საქართველოს წინაშე მომავალთან დაკავშირებული ფუნდამენტური არჩევანის პრობლემა დგას. როგორც რატიანმა
"ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციაზე განაცხადა, დასავლური არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"დღეს აქ მოხვედით, რადგან არსებობს პრობლემები. არსებობს მომავალთან დაკავშირებული ფუნდამენტური არჩევანის პრობლემა – წავალთ დასავლეთისკენ და ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მიმართულება, თუ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენი ღირსეული არჩევანი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ვერ დავრჩებით რუსეთის გავლენის სფეროში. ეს შეცდომა იქნება. ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, მაგრამ არსებობს შეცდომები, რომლის პატიება არ შეიძლება", - მიმართა რატიანმა მომიტინგეებს.
მისივე განმარტებით, უპატიებელი შეცდომაა, როცა საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში საკუთარ ხალხს ადანაშაულებს.
"თქვენ შეიძლება შეშფოთებული იყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერს სძულს შენება, შემაშფოთებელია, როცა დასავლეთში მეგობრებს წერ საგინებელ სიტყვებს, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. არსებობს უპატიებელი შეცდომებიც და ასეთია ის, როცა ხელისუფლება საკუთარ ხალხს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. ესაა სწორედ უპატიებელი შეცდომა, წითელი ხაზი, რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გადაკვეთოს. უპატიებელი შეცდომაა, როცა მსხვერპლს ამტყუნებ, თავდამსხმელს ამართლებ. ეს პარადოქსულია, ეს შეუძლებელია. ამას მხოლოდ ნაცისტები აკეთებდნენ", - აღნიშნა სერგო რატიანმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგაოდებასთან ერთად უნდა დაიწყოს ახალი ეროვნული მოძრაობა, რომ "გაივლოს წითელი ხაზები, რომლებსაც არც ერთი ხელისუფლება აღარ გადაკვეთს".
რუსთაველის გამზირზე აქცია 16.00 საათზე დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაკავებული აქვთ კონოთეატრ ”რუსთაველიდან” ქაშუეთის ეკლესიამდე.