"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციას მოსკოვიდან ჩამოსული სამი რუსი აქტივისტი შეუერთდა. რუსი ეროვნების მოქალაქეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან რუსულენოვანი პლაკატებით მივიდნენ , რომლებზეც გაკეთებულია წარწერა "ბიძინა წადი სახლში – კრემლში", ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის საწინააღმდეგო სხვა წარწერები. როგორც რუსეთიდან ჩამოსული აქტივისტები აცხადებენ, არ მოსწონთ, რაც საქართველოში ხდება. მათივე თქმით, სურთ, საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკისადმი, რომელიც, რუსი ეროვნების მოქალაქეების აღნიშნული ნაწილის შეფასებით, "პუტინის პოლიტიკის შესატყვისია".
გარდა რუსი აქტივისტებისა, საპროტესტო აქციაზე რუსეთის საწინააღმდეგო პლაკატებით ქართველი აქტივისტებიც გამოჩნდნენ. რამდენიმე მათგანს პლაკატზე გამოსახული აქვს რუსეთის გერბი "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოებით.
პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა მატულობს. რამდენიმე წუთის წინ "ვარდების მოედნის" მხრიდან მომიტინგეებს რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტების კოლონაც შეუერთდა. პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია აქტივისტებით უკვე შევსებულია. რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 5 ათასამდე იქნება.