დღევანდელ საპროტესტო აქციაზე არ იქნება მოწოდებები ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაბის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა , რომელიც პარლამენტის შენობასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, დღეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი და მწვავე კრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლების, რომელთა ქმედებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში ჩნდება კითხვები. ეს კითხვები უკავშირდება ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკას, ასევე უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საგარეო კურსს, რუსეთთან ურთიერთობებს და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.
გიგი წერეთლის განცხადებით, დღევანდელი შეკრების მთავარი მოწოდებები მიმართულია ქვეყნის მომავალი განვითარებისკენ, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სწორ განვითარებას.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეები თანდათან იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე.