"საქართველო კრიმინალური მოძრაობის გარეშე", "უარი თვითმარქვია ნაციონალების პრეზიდენტს", - ამ სლოგანების თანხლებით მიმდინარეობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრში თეატრალიზირებული აქცია.
როგორც აქციის ორგანიზატორმა გია ფირცხალაიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ფორმით გააპროტესტეს დღეს 16.00 საათზე თბილისში დაგეგმილი აქცია.
"დღეს გარდაიცვალა "ნაციონალური მოძაობა" და ჩვენ სამძიმარი გამოვუცხადეთ ყოფილ ხელისუფლებას, დამთავრდა "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში", - განაცხადა ფირცხალაიშვილმა.
ქალაქის ცენტრიდან აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და ცოცხები დაწვეს. იქვე ოფისთან დატოვეს გვირგვინი, წარწერით "ვუსამძიმრებთ - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".