საპარლამეტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღევანდელი აქციით "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ იმპულსს შესძენს. ამის შესახებ კანდელაკმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა. მან ცოტა ხნის წინ პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქციის მიმდინარეობის სამზადისი დაათვალიერა.
"დღევანდელი აქციით "ნაციონალური მოძრაობა" აჩვენებს, რომ იგი არა მხოლოდ აგრძელებს თავის საქმიანობას, როგორც ყველაზე ქმედითი პარტია, არამედ განიცდის განახლების პროცესს. დღევანდელი აქციით, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება შეიძენს ახალ იმპულსს და დამკვიდრდება ახალი სტანდარტი რას ნიშნავს იყო იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია" , – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე თქმით, საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოა და ახალი მთავრობის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ აქციაზე ექსცესები არ მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის წინ სცენის მონტაჟი უკვე დასრულებულია. მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სამართალდამცველია მობილიზებული.