იმერლიშვილი: თუ იუშენკო არ ყოფილა აბანოში და სხვა კაცმა იბანავა, ესეც გამოსაძიებელია

იმერლიშვილი: თუ იუშენკო არ ყოფილა აბანოში და სხვა კაცმა იბანავა, ესეც გამოსაძიებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.


პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ თუ იუშენკო საქართველოში არ იმყოფებოდა, მაშინ დამატებითი კანონდარღვევაა სახეზე:

"ეს კიდევ უარესია, თუკი მართლაც იუშენკო არ იმყოფებოდა საქართველოში, მაშინ აქ საუბარია სულ სხვა ტიპის დარღვევაზე. მე ეს დოკუმენტაცია გადმომცა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და იქ კონკრეტული თანამდებობის პირები დაცვის სპეციალური სამსახურისა აწერენ ხელს ინვოისზე, თუ რაში გადაიხადეს ეს ფული და ვის მომსახურებაში გადაიხადეს. თუ აქ საუბარია, რომ არ ყოფილა ბატონი იუშენკო აბანოში და სხვა კაცმა იბანავა და ამაში დაცვის სპეციალური სამსახურის ფული გადაიხადა, თან იმ ფონზე, როდესაც გაფორმდა სხვა სახელებზე და გვარებზე, აქ კიდევ სხვა ტიპის დარღვევაზეა მაშინ საუბარი და ესეც გამოსაძიებელია. მე აუცილებლად მივადევნებ თვალყურს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე, არა მხოლოდ ამ ნაწილში, არამედ ბევრ ნაწილში."

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა:

 "საქართველოში ნამდვილად არ ეშლებათ არც სტუმრის მიღება, არც პატივისცემა, არც საჩუქრების გაღება, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რამდენად სწორად იყო დახარჯული ეს თანხები და მე ვფიქრობ, შესაძლებელია, რაღაც არასწორად მიეწოდა ინფორმაცია ბატონ იუშენკოს პირადად პრეზიდენტის მხრიდან არასწორ ხარჯვაზე ბიუჯეტის ფულის, ჩვენი გადამხდელების, ჩვენი მოსახლეობის კუთვნილი თანხების, მე მგონი, ეს პრეტენზია აბსოლუტურად სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას და დარწმუნებული ვარ, არანაირად არ იმოქმედებს იუშენკოს განცხადება ამ ურთიერთობაზე. ეტყობა, არასწორად არის ინფორმირებული ეს ადამიანი. არავინ არ თხოვს, რა თქმა უნდა, მას ჰუმანიტარული დახმარების გაღებას საქართველოს სასარგებლოდ და რაღაცის დაბრუნებას, უბრალოდ სწორად უნდა იყოს აღქმული ის ინფორმაცია, რაც პარლამენტის სხდომაზე გაჟღერდა."

 18 აპრილს გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ" იუშენკოს პრესმდივნის, ირინა ვანიკოვას განცხადება გაავრცელა. ვანიკოვას განცხადებით, 2011 წლის 6 აპრილს იუშენკო საქართველოში არ იმყოფებოდა და მთელი დღის განმავლობაში თავისი პარტიის ოფისში, კიევში მუშაობდა. პრესმდივნისვე განმარტებით, მიუხედავად ამისა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცეს ის 400 დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გადაიხადა მისი გამასპინძლებისთვის თბილისის ერთ–ერთ აბანოში.

"იმედი მაქვს, რომ ის 400 აშშ დოლარი, რომლის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასარიცხად ვართ მზად, დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს კორუფციასთან ბრძოლაში და არ შერცხვებიან გამოყენებული საპნისა და დალეული ჩაის ოდენობის დაანგარიშებით. ასევე ჩვენ მზად ვართ, მათ გავუგზავნოთ 1 ქილა თაფლი, ჯემი, საპონი და შამპუნი", – განუცხადა "უკრაინსკაია პრავდას" ვიქტორ იუშენკოს პრესმდივანმა.