სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა შეიცვალა. კომისიას ამიერიდან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
ამასთან, რამდენიმე სამუშაო ჯგუფად დაყოფილ სამთავრობო კომისიაში, ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა სამუშაო მიმართულებებიც.
მთავრობის ახალი დადგენილებით, ხუთი ჯგუფის ნაცვლად, როგორც ამას მთავრობის 2012 წლის 12 თებერვლის დადგენილება ითვალისწინებდა, რვა ჯგუფი იმუშავებს. ეს ჯგუფებია: ქონებრივი საკითხების განმხილველი და ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემქმნელი სამუშაო ჯგუფი; XIX და XX სს-ში ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი; სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურის და ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა-პატრონობის რეჟიმის დამდგენი სამუშაო ჯგუფი; კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საპატრიარქოს სამართლებრივი სტატუსის და იქ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობისა და საკუთრების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი; რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი.
მთავრობის დადგენილებით, აღნიშნულ ჯგუფებში შევიდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მთავრობის და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.