საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან , კრისტერ მიკელსონთან (რეზიდენციით ქ. ჰელსინკი).
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ნოემბრის თვეში დაგეგმილი ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული სამიტი საქართველოსთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს.
ელჩმა საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის გზაზე ფინეთის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.