საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ვარაუდობს, რომ დღევანდელი აქცია ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება და ხალხის რაოდენობა არ იქნება მხოლოდ რამდენიმე ათეული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა განუცხადა, ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქცია, ეს არის ფუნდამენტალური ეროვნული საკითხი, რაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებაში გამოიხატება, საქართველოში კი ევროპულ განვითარებვას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
"ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ადამიანი მოვა, მე ხომ მარჩიელი არ ვარ, თუმცა მგონია, რომ ბევრი ხალხი მოვა. ძალიან ბევრია შეურაცხყოფილი იმ განცხადებით, რაც პრემიერის მხრიდან კეთდება, ამიტომ მგონია, რომ ეს ადამიანების დიდი თავყრილობა იქნება. დღევანდელი აქცია ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება და ხალხის რაოდენობა არ იქნება მხოლოდ რამდენიმე ათეული", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
"ნაციონალური მოძრაობა" დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას 16:00 საათზე გამართავს.