პაკისტანის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი დააპატიმრა და სასამართლოს წარუდგინა. BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა მედიამ უკვე გაავრცელა სასამართლო დარბაზში , პოლიციელებით გარშემორტყმული გენერალ მუშარაფის კადრები.
პაკისტანის ექსპრეზიდენტს ბრალად ედება უკანონო გათავისუფლებები და სასამართლოს თავისუფლების შეზღუდვა. მისი დაპატიმრების ორდერი სასამართლომ გუშინ გასცა.
ბრალდება 2007 წლის მარტის მოვლენებს ეხება, როდესაც მუშარაფმა, როგორც სახელმწიფოს მომავალმა მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კონსტიტუციიის მოქმედება შეაჩერა, ასევე სამსახურიდან გაათავისუფლა და შინაპატიმრობა მიუსაჯა მაღალი რანგის რამდენიმე მოსამართლეს. ადვოკატები მუშარაფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მუშარაფს პატიმრობა შეუფარდა.
დადგენილების გამოცხადებისთანავე მუშარაფმა სასამართლო დარბაზი დაცვასთან ერთად დაბურულ შუშებიანი ავტომანქანით დატოვა. როგორც BBC-ი აღნიშნავს, პოლიციელებსა და მანდატურებს მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულების მცირედი მცდელობაც არ ჰქონიათ, რადგან, ადგილობრივი კანონმდებლობით, პატიმრობამისჯილ პირებს ხელბორკილს სასამართლო დარბაზშივე ადებენ.
მუშარაფის ადვოკატებმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს, რადგან, მათი თქმით, მოსამართლემ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო. ექსპრეზიდენტის პრესმდივანი კი მუშარაფის დაპატიმრებას პირად შურისძიებად აფასებს.