თბილისის მერია შს სამინისტროს გადაწყვეტილებას, "ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის აქციის გამო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ყველა ქუჩაზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ მიზენშეუწონლად მიიჩნევს . ამასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, 19 აპრილს ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის გამო, დღის 12.00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალოს რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ყველა ქუჩაზე. თბილისის მერია აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მიიჩნევს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ ის გაუმართებლად დააზარალებს ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოსახლეობას და მათ ვისაც დღის განმავლობაში იქ უწევს გადაადგილება. კერძოდ, რუსთაველის გამზირის და მისი მიმდებარე ქუჩების, განსაკუთრებით თაბუკაშვილის ქუჩის გადაკეტვა გამოიწვევს მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობის სრულ პარალიზებას, მათ შორის, შეუძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება. აღსანიშნავია, რომ არასდროს სხვა აქციების მიმდინარეობისას წინასწარ გზების გადაკეტვა არ ხორციელდებოდა. განსაკუთრებით მიუღებელია სამინისტროს გადაწყვეტილება გზები გადაკეტოს დღის 12 საათიდან, აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მიგვაჩნია, რომ აქციის გამართვის ადგილის მიმდებარე ქუჩების გადაკეტვა საერთოდ არ წარმოადგენს აუცილებლობას და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, თბილისის მერია სთავაზობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 19 აპრილის დილის 9 საათიდან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში გაიმართოს კონსულტაცია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის საკითხზე, იმისათვის რომ მიღებული იქნეს ოპტიმალური გადაწყვეტილება",-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.