"ნაციონალური მოძრაობა" დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. მიტინგი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ორი თვის წინ, 21 თებერვალს დააანონსა და როგორც მაშინ აღნიშნა, აქციის მიზანი, ახალი მთავრობისთვის იმის ჩვენებაა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მათი მომავალი სულ ერთი არაა და რომ წარსულში დაბრუნება არ სურთ.
მისივე განმარტებით, მიტინგი დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომელიც "პრორუსულია".
"საქართველო ისტორიულად ხშირად დგებოდა გზაჯვარედინზე და განსაცდელის წინაშე უახლოეს ისტორიაშიც რამდენჯერმე იყო. საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება და დღესაც დგას არჩევანის წინაშე. საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო კურსზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ მას, რომ ჩვენი მომავალია ევროპა.
გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა მერაბიშვილმა 21 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტთან დღეს მხარდამჭერებს ქვეყნის ყველა რეგიონიდან ელოდება.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დღEვანდელ აქციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.