2011 წლის 6 აპრილს ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში არ ყოფილა, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდას" იუშჩენკოს პრესმდივანმა, ირინა ვანიკოვამ განუცხადა .
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, უკრაინის ექსპრეზიდენტი მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს აუნაზრაუროს ის 400 დოლარი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თითქოსდა მისი მასპინძლობისთვის დახარჯა.
"6 აპრილს ექსპრეზიდენტ იუშჩენკოს სამუშაო გრაფიკი ასეთი იყო – პარტია "ჩვენი უკრაინას" პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩაატარა, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო. შესაბამისად, ამ დღეს ვიქტორ იუშჩენკო კიევში, საკუთარ ოფისში მუშაობდა", - განაცხადა ვანიკოვამ.
პრესმდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2011 წლის 6 აპრილს ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში არ ყოფილა და მის გვართან დაკავშირებულ "ინსინუაციებს უარყოფს".
"ვიმედოვნებთ, 400 დოლარი, რომელიც, მზად ვართ, გადავცეთ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით, დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრაში და თავს არ შეირცხვენს ჩაისა და საპნის ხარისხის გაანგარიშებით. ჩვენ მზად ვართ, მივცეთ ერთი ბიდონი თაფლი, მურაბა, საპონი და შამპუნი", - იხუმრა იუშენკოს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "საპონთან, 7 ჭიქა ჩაისა და ერთჯერად ჩუსტებთან დაკავშირებული დისკუსია ქართული პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიის მძიმე ინტელექტუალურ კრიზისზე მეტყველებს".
საქართველოში, გოგირდის აბანოში იუშენკოს სტუმრობის ფაქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველი მასალებით დასტურდება, თუმცა ინვოისში სახელი და თანამდებობა მითითებული არ არის. ამასთან, ინვოისში აღნიშნულ აბანოში დღეს დაადასტურეს, რომ მათთან დახლოებით 2-3 წლის წინ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა.
სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია გუშინ დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ხარჯი ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას დღემდე გრიფი "საიდუმლო"ედო.
გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშენკოს აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული.
ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.