საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილის მეუღლესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უარყოფს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია "Foodline Georgia" მოთხოვნილი საბუთების დაგვიანებით წარმოდგენის გამო 17 აპრილს ტენდერიდან მოიხსნა.
"გუშინ, 18 აპრილს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 34 მილიონ ლარიან ტენდერში კომპანია "Foodline Georgia"-მ გაიმარჯვა. ეს ტენდერი ჯერ არ დასრულებულა და გამარჯვებული გამოვლენილი არ არის, თუმცა აღნიშნული კომპანია, მოთხოვნილი საბუთების დაგვიანებით წარმოდგენის გამო, 17 აპრილს ტენდერიდან მოიხსნა.
წერილი დისკვალიფიკაციის შესახებ და, ზოგადად, ამ და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ყველა სხვა ღია ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, განთავსებულია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რაც შეხება მეორე ტენდერს, რომელიც კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების კვებას ეხება, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია "Foodline Georgia", დღეის მონაცემებით, მეორე ეტაპზეა გადასული და მოეთხოვება დაზუსტებული დოკუმენტაციის 19 აპრილამდე წარმოდგენა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ხელისუფლება გუშინ ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ირინა იმერლიშვილის მეუღლე შალვა ბებოშვილი 5 აპრილს შპს "Foodline Georgia"-ს დირექტორად დაინიშნა და სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.
"ტენდერი თავდაცვის სამინისტროს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ეხება. აქ მხოლოდ ერთ ლოტზე, თბილისზეა საუბარი და მისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე კომპანია ცდილობს კახეთის ლოტზე გამარჯვებული ფირმა ჩამოაშოროს კონტრაქტს. ეს არის ელიტური კორუფციის სერიოზული ნიშნების შემცველი ფაქტი და ამ ფაქტს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ", - აღნიშნა კანდელაკმა.