გლდანის #8 საპყრობილეში მოთავსებული უვადო პატიმრობაში მყოფი 75 მსჯავრდებული მეხუთეა დღეა შიმშილობს.
როგორც "პირWელს" ერთ-ერთი პატიმრის ზურაბ სამხარაძის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, პატიმრების მთავარი მოთხოვნაა შეიქმნას კომისია, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვაზე იმუშავებს.
"დღეისათვის, სულ 80 მსჯავრდებულია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მათგან 5 - ამჟამად საავადმყოფოშია, 75 პატიმარი კი უკვე მეხუთე დღეა, შიმშილობს. მათი ნაწილი თვლის, რომ სისტემის მსხვერპლია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შეუსაბამო განაჩენი გამოუტანეს, ამიტომ ითხოვენ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პატიმრები აცხადებენ, მათთვის უმჯობესია, დახვრიტონ", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, პატიმრებმა თავიანთი მოთხოვნის შესაბამისი წერილები მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და სხვებს გაუგზავნეს.
თავის მხრივ, როგორც "პირWელს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანთა უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განუცხადა, თავის დროზე, როცა პარლამენტი ამნისტიის კანონზე მუშაობდა, არ იქნა გათვალისწინებული უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების საკითხი.
"თუ ამნისტია იყო რეჟიმისთვის გამოტანილი განაჩენი, მაშინ ეს უვადო პატიმრობა მისჯილებსაც უნდა შეხებოდათ. ამნისტიის კანონში აკრძალულ მუხლებში მითითებული არ იყო, რომ ეს არ შეეხებოდათ უვადოპატიმრობა მისჯილებს, ამდენად, თუ ასეთი ჩანაწერი არ იყო, ე.ი. უნდა შეხებოდათ. ამდენად, ეს ადამიანები მოითხოვენ, ამნისტიის კანონი გადაიხედოს", - აღნიშნა კაკაბაძემ.