ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთს, თუ არადა, რუსეთი დაეხმარება, - ასეთი სათაურით აქვეყნებს ბრიტანული "გარდიანი" შვედი ფილანტროპისტისა და ანთროპოლოგის სიგრიდ რაუსინგის სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთში ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფებთან შეხვედრის მიზნით იმოგზაურა.
ზოგჯერ ბრიტანეთში გარდამავალ ქვეყნებში ადამიანთა უფლებების საუბრისას, გავიწყდება გარდამავალ ქვეყნებში არსებული მწარე რეალობა, - წერს სიგრიდ რაუსინგი, - არადა, ადამიანთა უფლებების დაცვაზე მსოფლიოში ერთ ენაზე საუბრობენ – ზომიერად და ინსტიტუციურად. ”საქართველოში ბევრი ჯგუფი საუბრობს ციხის რეფორმაზე. სინამდვილეში, ამ საკითხმა მას შემდეგ მიიღო მასშტაბური სახე, რაც პატიმართა წამების ამსხველი ფარული ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ჩანდა, როგორ უყურებდნენ ციხის ბადრაგები გულგრილად პატიმრების შეურაცხყოფას. წამების მსხვერპლნი ჩვეულებრივი კრიმინალები იყვნენ. ყველაფერი ეს პოლიციისა და ციხის რუტინის ნაწილი იყო. ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ქუჩებში ათასობით ხალხი გამოვიდა, გადადგა სასჯელაღსრულების მინისტრი, 17-დან 16-მა ციხის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერები დადგმული იყო, თუმცა არავინ დავობდა, რომ ასეთი რაღაცეები ხდებოდა”, - აღნიშნავს სიგრიდ რაუსინგი.
”ევროპული სოლიდარობა ბევრი ბრიტანელისთვის ფუჭი კონცეფციაა. თუმცა დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველას გვეხება”, - ნათქვამია "გარდიანში" გამოქვეყნებულ სტატიაში, - საქართველო, სომხეთი და კიდევ სხვა 14 ქვეყანა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან მოლაპარაკებებს მართავენ. ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველყოფს ეკონომიკურ ინტერგაციას, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და მყარი განვითარების სანაცვლოდ. თავისუფალი ვაჭრობა ეფექტიანი მართველობისთვის – მომგებიანი გარიგებაა.
”საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოცა და სომხეთიც ჯერაც არ არიან მყარი სახელმწიფოები. ამ ზოგჯერ კრიმინალურ სახელმწიფოებში, ეკონომიკა გარკვეულ დონეზე ოლიგარქულია, იგრძნობა მაკონტროლებელი ინსტიტუტების ნაკლებობა, რომლის ფუნქციაც თითქმის მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების ხელშია. ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, აქაც შენარჩუნებულია ინსტიტუციური სისასტიკე და გულგრილობა ჯარში, ციხეებში, საავადმყოფოებსა და ბავშვთა სახლებში”, - აღნიშნავს სიგრიდ რაუსინგი.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ამ ქვეყნებში პერსონები მოდიან და მიდიან, ზოგჯერ კი, როგორც ეს საქართველოში ვიხილეთ, ხალხი უარესობისკენ იცვლება. ”ევროპული ინტეგრაცია საუკეთესო არჩევანია ეფექტიანი მართველობისთვის. სომხეთისთვის ალტერნატივა რუსეთია, სადაც უცხოეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს "უცხოელ აგენტებად" დარეგისტრირებას სთხოვენ. ევროპული სავაჭრო შეთანხმება და ადამიანთა უფლებების დაცვის კრიტერიუმები ამაზე უკეთესი უნდა იყოს მათთვისაც და ჩვენთვისაც”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.