სახალხო დამცველის ანგარიშების მოსმენას კომიტეტის ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ომბუდსმენის ანგარიშის დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე უმრავლესობიდან კომიტეტის წევრები და უფლებამოსილი პირები ესწრებოდნენ.
"სამწუხაროდ, საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდა უმცირესობა. ასეთ ანგარიშს კომიტეტის ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს, თუმცა, ინტერესი ძალიან მაღალი იყო. როდესაც უმრავლესობის ფორმატში პირველი მოსმენა შედგა, იქ ითქვა, რომ საკომიტეტო მოსმენები რამდენიმე ეტაპად იქნება", - განაცხადა ბესელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ანგარიშის მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ომბუდსმენი ახალი პარლამენტის წინაშე პირველ ანგარიშში მნიშვნელოვან ფაქტებზე საუბრობს.
"მნიშვნელოვანია არა მარტო მოსმენა, არამედ რეაგირებაც. ამიტომ ჩვენ, როდესაც დავასრულებთ საკომიტეტო მოსმენას, დადგენილების პროექტში ავსახავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც პარლამენტის სხდომაზე განსახილველად გავიტანთ",- აღნიშნა ბესელიამ.
მედიასაშუალებებმა, მათ შორის "ინტერპრესნიუსმა", დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას 5 დეპუტატი ესწრებოდა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის. მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განმარტა, რომ უჩა ნანუაშვილის ანგარიში კომიტეტის შვიდმა წევრმა მოისმინა და, შესაბამისად, კვორუმიც არსებობდა.
როგორც კომიტეტის აპარატში აცხადებენ, სახალხო დამცველის ანაგრიშის განხილვაში მონაწილეობდნენ დეპუტატები ეკა ბესელია, ბიძინა გუჯაბიძე, გედევან ფოფხაძე, ომარ ნიშნიანიძე, ფატი ხალვაში, რუსლან პოღოსიანი და თამაზ ავდალიანი.
კომიტეტი ამ დროისთვის 12 წევრისგან შედგება. დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ მიუღია. "ნაციონალური მოძრობა" ხვალინდელი აქციის გამო პარლამენტში არ იმყოფება.