გიორგი უდესიანის ოჯახი სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსს" გიორგი უდესიანის და, ნატო უდესიანი დაუკავშირდა და მიაწოდა განცხადება, რომელშიც გიორგი უდესიანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირს უარყოფს.
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი უდესიანის სახელით სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული განცხადება მე არ მეკუთვნის. ქართული პრესით არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე ე.წ დაჯგუფების წევრი და აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილ გამონათქვამებთან შეხება არასდროს მქონია. ამჟამად ვიმყოფები ევროპაში, დაკავებული ვარ ბიზნეს საქმიანობით და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან შეხება არ მაქვს. ჩემი სახელით გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ ემსახურება ჩემს დისკრედიტაციას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მსგავსი ბინძური მეთოდებით მიზანს ვერავინ მიაღწევს", - აცხადებს გიორგი უდესიანი.
სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან, გიორგი უდესიანის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც თითქოსდა უდესიანი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნება და აცხადებს, რომ "დათა ახალაიამ და ვანო მერაბიშვილმა საქართველოში კრიმინოგენური ფონის ილუზიის შექმნის ორგანიზება დაავალეს".