ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი, რომელიც სამხედრო დანაშაულს გულისხმობს, 29 აპრილისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ბაჩო ახალაიას სასამართლოში მიყვანა საბადრაგო სამსახურმა ვერ უზრუნველყო. ახალაია პროცესიდან გაძევებული იყო, დღეს კი მოსამართლემ მისი დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც საბადრაგო სამსახურს დაევალა ახალაიას პროცესზე მოყვანა, თუმცა როგორც მოსამართლემ პროცესზე განმარტა, ტექნიკურად ახალაიას მოყვანა ვერ მოხერდა.
ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულ ახალაიას გარეშე პროცესის გაგრძელება პროცესუალურ დარღვევად ითვლება, შესაბამისად, ადვოკატები დაეთანხმნენ პროცესის გადადებას. აღნიშნულის წინააღმდეგ არც პროკურატურა წასულა.
ბაჩო ახალაია წინა პროცესიდან სასამართლო წესრიგის დარღვევის გამო მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა, რის შემდეგაც, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მას კვლავ მისცემოდა პროცესზე დასწრების უფლება. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მათ გაფრთხილება მისცა, რომ ბაჩო ახალაიას მხრიდან მსგავსი ქმედების შემდეგ მას კიდევ ერთხელ გააძევებდნენ, რის შემდეგაც, ვერც ერთ განხილვას ვეღარ დაესწრებოდა.
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძეს და მათთან ერთად ბრალდებულ კიდევ 4 პირს, ბრალი ედებათ სამი ეპიზოდის მიხედვით. მათ ბრალი ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში. ბრალდება სამი ეპიზოდის მიხედვით არის წარდგენილი, ესენია სენაკის და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნაწილი, ასევე ზვიად აბესაძეისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილი.