საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით შესაძლოა სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, როგორც წინა, ისე ახლანდელი მოწვევის პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობიდან" ძალიან ბევრი დეპუტატი დანაშაულებრივ კავშირებშია ჩართული.
"შესაძლებელია საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომ ჩვენს კოლეგებს ვკითხოთ აქ პარლამენტში, რატომ იღებდნენ ისინი სამკაულებს, რატომ დადიოდნენ დუბაიში", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით კი, ვინაიდან ამ სიაში ხშირად ოპოზიციონერი დეპუტატები ფიგურირებენ, კომისიაში მათი ყოფნა გარანტი იქნება, რომ გაიფანტება ეჭვები თითქოს ეს ანგარიშსწორების კომისიაა.
"თავად ნახოს ეს ციფრები, თავად ნახონ ეს ჩეკები, სადაც მათი გვარებია მონიშნული და განმარტებებიც თავად გააკეთონ. ეს უფრო მეტ დამაჯერებლობას მისცემს იმ დასკვნას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება დაიდოს", - მიაჩნია საგანელიძეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის "გრიფით" საიდუმლო დოკუმენტაცია გუშინ გაასაჯაროეს.