საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სურს, "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებმა, რომელთაც დასამალი არაფერი აქვთ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მოახერხონ.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ჩეხეთში ვიზიტისას განუცხადა, სადაც პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის მარიკა ვერულაშვილის განცხადებებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარე პროცესებზე კომენტარი არ მაქვს. მე მაქვს სურვილი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" იმ ნაწილმა, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართველი ხალხისა და სამართალდამცავი ორგანოების წინაშე რაიმე აქვს დასამალი, მოახერხონ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილოება. ეს არის ჩემი სურვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ მაქვს ასეთი სურვილი. მაგრამ ადამიანები, რომელთაც შესაძლოა, თავად აქვთ გარკვეული შფოთი იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დრო გადის, გარკვეული ინფორმაცია საჯარო ხდება, ეს ხარჯებთან იქნება დაკავშირებული თუ სხვა გადაწყვეტილებებთან, რა საშუალებებით შეეცდებიან თავის გადარჩენას თუ პრობლემის ერთმანეთში გადატანას, ეს არ ვიცი, ეს საქართველოს მოსახლეობის განსასჯელია", - აღნიშნა მან.