სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ ჯანაშიას განცხადებით, "სდსს-ის მიერ დახარჯული ყველა თეთრი კანონიერია და არავის არაფერი მიუთვისებია".
ამის შესახებ ჯანაშიამ დღეს სდსს-ის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
"სდსს უკვე ორი ათწლეულია, რაც არსებობს, მე ვამაყობ იმით, რომ ამ სამსახურში ვმუშაობდი, ვიცავდი ქვეყანას და ვემსახურებოდი საქართველოს. მინდა, ვთქვა, რომ ინფორმაცია ამ სამსახურის შესახებ უკვე კარგა ხანია, ახალი მთავრობის ხელშია და ამ საბუთებით ამ ფორმით მანიპულირება და გაუგებარი ქსერო-ასლების ფრიალი. სამწუხაროდ, დღეს გახდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ყველა გაწეული ხარჯი, რასაც სამსახური ამდენი ხნის განმავლობში ეწეოდა, არის კანონიერი. არც ერთი თეთრი არ მიუთვისებია არავის და ვერავინ ვერ იპოვის მანდ თანხებს, რომელიც იყო არამიზნობრივად დახარჯული. ეს ყველაფერი კარგს არ მოუტანს სდსს-ის პრესტიჟს", - განაცხადა ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გაავრცელა.