2010 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტზე დასვენებისა და გახდომის პროცედურების ჩასატარებლად გაემგზავრნენ-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა და თბილისის მერმა ვოიაჟისთვის 115 000 ლარი დახარჯეს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებიდან ანაზღაურდა.
ირინა იმერლიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სდსს-ის ხარჯების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. წინა ხელისუფლების დროს აღნიშნულ დოკუმენტს გრიფი „საიდუმლო“ ედო და ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯების შესახებ ხელმიუწვდომელი იყო. იმერლიშვილის თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი თანხით არაკეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ახლანდელი საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც.