სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველ მასალებში იუშენკოს აბანოს მომსახურების ხარჯებიც არის გაწერილი.
გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშენკოს (სალაროს ორდერში სახელი და თანამდებობა მითითებული არ არის) აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული.
ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია დღეს დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გაასაჯაროვა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ასეთი ხარჯი ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას აქამდე გრიფი "საიდუმლო"ედო.