ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეგობრების უმეტესობა დღესაც ჩვენთან ერთად დგას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"შეიძლება ხვალაც, ზეგაც, ოღონდ ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა ადამიანმა, შეიძლება ვერ გაუძლოს სხვადასხვა ცდუნებას, ზეწოლას, დაშინებას შანტაჟს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი ბირთვი, ჩვენი ძირითადი მეგობრები და ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთად, იმიტომ, რომ წინააღმდეგობა გვაძლიერებს, უფრო მეტიც, გვაძლევს მეტ გამოცდილებას, რათა უფრო ნაკლები შეცდომა დავუშვათ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც მეგობარი ვერ უძლებს ზეწოლას. "მინდა მათ შევუნდო, რადგან მათ ვერ გაუძლეს ზეწოლას. მაგრამ ვარ ძალიან ბედნიერი, რომ უმეტესობა ჩემი მეგობრების დღესაც ჩვენთან ერთად დგას და ჩემთან ერთად აგრძელებს ბრძოლას", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მისივე თქმით, ბევრი განცხადება გამოქვეყნებულა და შეიძლება კიდეც გამოქვეყნდეს, თუმცა ეს პოლიტიკური მეთოდი არ არის.
"მე ვთვლი, რომ ჩვენს გუნდს დაუგროვდა საკმარისი გამოცდილება, გაიარა ძალიან ბევრ ქარცეცხლში და ამ ქარცეცხლიდან გამოსული "ნაციონალური მოძრაობა" უფრო გაძლიერდება და 19 აპრილის შემდეგ ხელისუფლება დაინახავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაძლიერდა უფრო, უფრო ეფექტური და მოტივირებული გახდა და ყველა ფრონტზე მოსთხოვს ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. აიძულებს მას, რომ ხალხს ემსახუროსა, ხალხის ინტერესი შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს ხელისუფლებას და ხელისუფლებაში ის პროგრესული ძალები მოვლენ, რომელთა მთავარი ამოცანა ოპონენტის განადგურება კი არ არის, ქვეყნის წინასვლაა", - დასძინა მან.