19 აპრილს არ მთავრდება ყველაფერი, 19 აპრილს იწყება ყველაფერი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ყოფილი პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ეშინია 19 აპრილის და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 19 აპრილს რუსთაველზე მასობრივი შეკრება არ მოხდეს, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას ხალხის ძალიან ეშინია.
მისივე თქმით, დაიწყო აგრესიული ზეწოლა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე, საკრებულოს წევრებზე, დეპუტატებზე, ამასთან, ყველა რეგიონიდან ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები დაბლოკილია, გადადებულია თბილისში მომავალი ხაზები.
"ხელისუფლება ყველა მეთოდეს იყენებს, რათა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დისკრედიტაცია მოახდინოს, მათ შორის ჩემი. ხელისუფლებას ეს ვერ გადაარჩენს და მას ტყუილად ჰგონია, რომ ჩვენ ამ მიტინგის ჩატარებას ვერ შევძლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაბლოკილია, ჩვენ გვაქვს საშუალებები და ყველა ჩვენი აქტივისტი უკლებლივ ჩამოვა თბილისში და, რა თქმა უნდა, ეს მიტინგი ჩატარდება. მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, 19 აპრილს არ მთავრდება ყველაფერი, 19 აპრილს იწყება ყველაფერი", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს აქცენტები სხვა თემაზე გადაიტანოს, მაგრამ მას ბევრს შეკითხვაზე არ აქვს პასუხი, არ აქვს პასუხები უმუშევრობაზე, ასევე ვალდებულებების შესრულებაზე.
"მაგრამ ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ჩვენ შევქმნით ისეთ ინსტრუმენტებს და ისეთ საშუალებებს, და ამის შესახებ ჩვენ 19 აპრილს ვისაუბრებთ, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ვალდებულებები შეასრულოს. მე მიმაჩნია, რომ ეს უსუსური მცდელობა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, მოველოდით, რომ 19 აპრილისთვის განხეთქილება შეიტანონ "ნაციონალურ მოძრაობაში "ფუჭად ჩაივლის", - აღნიშნა მერაბიშვილმა.