საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წლების განმავლობაში გაწეული ხარჯებით შოკირებულია.
როგორც საგანელიძემ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე ყველასთვის წარმოუდგენელ ციფრებს ეხება.
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებით არა მარტო პარლამენტში, არამედ საზოგადოებაში შოკისმომგვრელი მდგომარეობაა. ყველამ ვიცოდით, რომ პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, ახლობლები სახელმწიფო სახსრებს გაუაზრებლად ხარჯავდნენ, მაგრამ თუ ეს ასეთ ციფრებთან იყო დაკავშირებული, ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. როცა ქალბატონმა ირინამ "სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონი შემოიტანა, არ დამთავრდა თემა, რომ პრეზიდენტი რჩებოდა დაცვის სამსახურის გარეშე, შესაბამისად, მან მიმართა დაცვის სამსახურს წარმოედგინა ხარჯები, რათა ის ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებული ყოფილიყო. პასუხად უთხრეს, რომ ციფრებს ვერ მიაწვდიდნენ, რადგან ხარჯებს გრიფით "საიდუმლო" ედო. შესაბამისად, ქალბატონმა ირინამ სთხოვა პროკურატურას, რომელსაც შეუძლია გრიფით "საიდუმლოს" ახსნა და დღეს დილით მიიღო დოკუმენტები, სადაც წლების განმავლობაში ამ სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილია ასახული", - განაცხადა საგანელიძემ.