"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება შეიტანოს, ფუჭად ჩაივლის.
ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ეშინია 19 აპრილის, იგი ყველაფერს აკეთებს, რომ 19 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე აქცია არ შედგეს, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას ხალხის ძალიან ეშინია. დაიწყო აგრესიული ზეწოლა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე, დაბლოკილია სამარშრუტო ტაქსები, გადადებულია ის მარშრუტები, რომელიც რეგიონებიდან ტრადიციულად ყოველდღე ჩამოდიოდა. ხდება საკრებულოს წევრებზე, პარლამენტის წევრებზე ზეწოლა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დისკრედიტაცია მოახდინოს, მათ შორის ჩემი. ხელისუფლებას ეს ვერ გადაარჩენს და ტყუილად ჰგონია, რომ ჩვენ ამ აქციის ჩატარებას ვერ შევძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არის დაბლოკილი, ჩვენი ყველა აქტივისტი უკლებლივ ჩამოვა თბილისში, სხვადახვა რეგიონებიდან მოვა რუსთაველზე და რა თქმა უნდა, ეს მიტინგი აუცილებლად ჩატარდება. ხელისუფლებას უნდა, რომ აქცენტები გადაიტანოს სხვა თემებზე, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს ბევრ შეკითხვაზე პასუხი, მათ შორის უმუშევრობაზე და სხვა ბევრ დაპირებაზე. ჩვენ ვაიძულებთ მათ ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ხელისუფლება იძულებული გახდება შეუსრულოს საკუთარი ვალდებლებები. მე მიმაჩნია, რომ ეს უსუსური ქმედება, რომელსაც ჩვენ 19 აპრილისთვის ველოდით, განხეთქილება შეიტანოს "ნაციონალურ მოძრაობაში", ფუჭად ჩაივლის", - განაცხადა მერაბიშვილმა.