ექსპერტი მამუკა არეშიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი მრჩეველის ჯეფრი სილვერმანის განცხადებას ომის დროს იარაღების ჩამოწერასა და გაყიდვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ არ მიიჩნევს.
როგორც დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში მამუკა არეშიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ გახდება ცნობილი და კონკრეტულ ბრალდებებზე კონკრეტულ ადამიანებს მოუწევთ პასუხის გაცემა.
"გაიხსენეთ სენაკისა და გორის ბაზა, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა ისე დადეს იარაღი, რომ მათ ერთი ნაღმიც არ დაუდიათ მოწინააღმდეგისთვის", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
მან ასევე ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს ფინანსებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ როცა ის სამინისტროში მივიდა, თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადებები და ზუსტად ასე მოიქცა ბაჩო ახალაიაც.
არეშიძე აცხადებს, რომ ახალაიას მინისტრად დანიშვნის შემდეგ მას შეკითხვები გაუჩნდა თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით, თუმცა პასუხები ვერ მიიღო.