პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ახლობლების, სხვა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების "ფუფუნების საგნებზე" "შოკისმომგვრელი თანხები" იხარჯებოდა.
როგორც იმერლიშვილმა პარლამენტში, უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ საუბარია დოკუმენტაციაში, რომელიც მან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან გამოითხოვა და, რომელზეც წვდომა მას შემდეგ შეძლო, რაც პროკურატურის დახმარებით ხარჯებს გრიფით "საიდუმლო" მოეხსნა.
იმერლიშვილის ინფორმაციით, მხოლოდ სააკაშვილის ესპანელი მზარეულის ცხოვრების და თარჯიმნით უზრუნველყოფის ხარჯები საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
"წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ბიუჯეტის მქონე დაცვის სპეციალური სამსახურიდან სრულიად არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები. ეს თანხები მიდიოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირების, მათ შორის ქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორის, პარლამენტის წევრების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებაზე და გართობაზე. ეს ყველაფერი იყო გრიფით "საიდუმლო", ამ ხარჯების ნახვა იყო შეუძლებელი. ქვეყნის ბიუჯეტიდან იქნა დახარჯული შოკისმომგვრელი თანხები. მაგალითად ჩვენი კოლეგები, მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტის წევრები – კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი ახალ წელს პრეზიდენტთან ერთად დუბაიში შეხვდნენ და მათ გართობაზე დაიჯახარჯა 240 ათასი ლარი. ასევე ჩემს კოლეგა ქალბატონს პრეზიდენტმა უყიდა ძვირად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი და სამაჯური, რომელიც ამ დოკუმენტებში ჩანს. გარდა ამისა, სააკაშვილმა უკრაინელ მომღერალს, რომლის მამასაც საქართველოს მოქალაქეობა სრულიად უკანონოდ მიანიჭა, რადგან თავის ქვეყანაში ძებნილი იყო, ოქროს ნაკეთობები აჩუქა. საკმაოდ ძვირად ღირებული ოქროს ნაკეთობა აქვს ნაკიდი და ნაჩუქარი ასევე რუსი ჟურნალისტისთვის. ასევე, პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ძვირადღირებულ ავსტირულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში დახარჯეს 115 ათასი ლარი. ცხვრები ჰყავთ ნაკიდი – 40 ერთეული 7 950 ლარად, რომელიც მოსახლეობას დაურიგეს. ასეთი ხარჯები არ მთავრდება. მხოლოდ პრეზიდენტის ესპანეთიდან ჩამოყვანილი პირადი მზარეულის ცხოვრების ხარჯები და თარჯიმნით მომსახურება საერთო ჯამში აღწევს ნახევარ მილიონ ლარს, რადგან 25 ათასი ლარი ჯდებოდა ეს ყველაფერი თვეში", - განაცხადა იმერლიშვილმა.