საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე რონალდ ახალაიას მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ინფორმაციას ფლობს.
"ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ამაზე ვერულაშვილს უნდა ჰკითხოთ, თუ მან ეს განცხადება ნამდვილად გააკეთა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თევდორაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად არც ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა-არყოფნის საკითხი.
"ზოგადად მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ადამიანზე, არც ერთ პერსონალზე არ არის დამოკიდებული არც ჩვენი პოლიტიკური ერთობა და არც ჩვენი – "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა-არყოფნის საკითხი, მარიკა ვერულაშვილი იქნება პირობითად, ვანო მერაბიშვილი, თუ გია თევდორაძე ამით ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საერთო ფუნქციაზე პილიტიკურ ერთობას ბევრი არაფერი დააკლდება. რონალდ ახალაიასთან დაკავშირებით კი ინფორმაციას არ ვფლობ", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, მარიკა ვერულაშვილის განცხადებით კი, ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაული იყო.
მისი თქმით, პარტია დატოვა იმის გამო, რომ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაბის" კრახის შემდეგ ვანო მერაბიშვილი კვლავ დარჩა გენერალური მდივნის თანამდებობაზე.
ამასთან, ვერულაშვილის თქმით, დათა ახალაიას განცხადებები არ არის დაკავშირებული 19 აპრილის აქციასთან.
"მე მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მას ამის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს უახლოეს მომავალში. უახლოეს მომავალში ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. მე ამ დრომდე არ გამიკეთებია განცხადება პარტიის დატოვების მიზეზებზე. "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში არის სწორედ მისი დამსახურება და მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი ამის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო გენერალური მდივანი ამ პარტიის. რადგან ეს მაინც ასე მოხდა, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიაში. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან მე დღიდან დაარსებისა ამ პარტიის წევრი ვარ", - განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დათა ახალაიას სახელით გავრცელებული წერილი ნადმვილად დათა ახალაიას ეკუთვნის და ეს წერილი იყო სიურპრიზი ვანო მერაბიშვილის დაბადების დღისთვის.
რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას, რომ როლანდ ახალაიაც აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას, მარიკა ვერულაშვილის განცხადებით, მისი ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.