დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის ინფორმაციით, როლანდ ახალაია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას აპირებს. როგორც მარიკა ვერულაშვილმა ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას პროცესის დაწყებამდე განუცხადა , გავრცელებული ინფორმაცია, რომ დათა ახალაიას განცხადების შემდეგ როლანდ ახალაიამ პარტიის დატოვება გადაწყვიტა, სიმართლეს შეესაბამება.
მისივე თქმით, დათა ახალაიას განცხადება "ვანო მერაბიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებული სიურპრიზი" იყო და 19 აპრილის აქციასთან კავშირში არ არის.
"დღესაც ვთვლი და მაშინაც ვთვლიდი, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაული იყო. მე მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მას ამის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს უახლოეს მომავალში. უახლოეს მომავალში, ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. მე ამ დრომდე არ გამიკეთებია განცხადება პარტიის დატოვების მიზეზებზე. "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში არის სწორედ მისი დამსახურება და მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი, ამის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო ამ პარტიის გენერალური მდივანი. რადგან ეს მაინც ასე მოხდა, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიაში. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, რადგან მე დღიდან დაარსებისა ამ პარტიის წევრი ვარ", - განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.