გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩევლის, ჯეფრი სილვერმანის განცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს.
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერანაირ კომენტარს ვერ ვაკეთებ. თუ პროკურატურა გააკეთებს განცხადებას, ეს მათი გადასაწყვეტია", - განუცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ "ინტერპრესნიუსს".
ჯეფრი სილვერმანის მტკიცებით, "ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები გაანადგურეს".
გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში სილვერმანი უშუალოდ იმ პირსაც ასახელებს, ვინც, მისივე მტკიცებით, აღნიშნული ჩაიდინა.
"მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები. კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა", - აცხადებს სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი.