საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩევლის, ჯეფრი სილვერმანის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომი "დიდი თამაში იყო და არა ომი". როგორც სილვერმანი
გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს, სარდლობა და სამხედრო მმართველობა იყო გათიშული, დაულაგებელი.
"აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ვიყავი, ვაკვირდებოდი მოვლენებს და დავწერე მოხსენება, რომელიც მეთიუ ბრაიზას გადავუგზავნე. ეს იყო არა საიდუმლო მასალები, არამედ ჟურნალისტური კვლევები. რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა. მე კი ორი თვით ადრე ამერიკული ორგანიზაციებისგან "კუბიკისა" და "არჩენჯელისგან" (ყოფილი სამხედროების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები) ვიცოდი, ომი რომ დაიწყებოდა. დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ეს კომპანიები სამხედრო დაგეგმარებასა და წვრთნაში დასახმარებლად დაიქირავეს. ისინი ვაზიანის ბაზაზე იყვნენ განთავსებული. "არჩენჯელის" გაწვრთნილი სნაიპერების ჯგუფი ცხინვალშიც იბრძოდა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო დიდი თამაში და არა ომი. კერძოდ, სარდლობა და სამხედრო მმართველობა იყო გათიშული, დაულაგებელი", - აცხადებს ის.
სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის აზრით, საქართველოს შეეძლო ომის მოგება, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ გააკეთა.
"ომმა ჩამოწერა საქართველოში შემოსული უკანონო იარაღი. ასევე, ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა დიდი ფული, რომელიც ასევე გაქრა გაურკვეველი მიმართულებით და საერთოდ – ომი ძალზე ბინძური ბიზნესია. საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად იყო წარმართული. მეც სამხედრო ვარ, 6 წელი ვმსახურობდი ამერიკის ჯარში და რაღაც გამეგება. 2008 წელს ვიყავი, როგორც ქართულ, ისე ოსურ-რუსულ პოზიციებზე. მე უფრო უკეთ შემეძლო ყველაფრის დაგეგმვა. საერთოდ არ არსებობდა სამხედრო დაგეგმარების ცენტრი", - განმარტავს ჯეფრი სილვერმანი.